ახალი ამბები

სახალხო დამცველი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას ეხმაურება

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 23 იანვარს ბრალდებულ გ.გ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმავე დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია გ.გ.-ს მიერ შესაძლო სხვა დანაშაულში თანამონაწილეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, სახალხო დამცველი მაინც საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს აღნიშნულ საქმეს.

სამწუხაროდ, არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ვერ გამოიღო შედეგი და ნარკოდამოკიდებულება კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება საქართველოში, რასთან ბრძოლაც კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. არაერთ განცხადებაში და ანგარიშში აღუნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველს რეპრესიული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები, რომლებიც შეეხება მოქმედი ნარკოტესტირების მოდელის და ნარკოტიკების მომხმარებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების არაკონსტიტუციურობას. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რადგან არსებითი განხილვა ორივე საქმეზე დასრულებულია.

ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გ.გ.-ს საქმე განსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკებთან დაკავშირებით. გასაღების მიზნის გარეშე, 0,3726 გ შემცველობის ნივთიერების შეძენა შენახვის გამო განსაზღვრული პასუხისმგებლობა - რომლის მინიმალური ზღვარი არის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციული სასჯელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აუხსნელი და გაუმართლებელია.[1] თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ან გასაღების რისკი, აშკარად სასტიკ და არაადეკვატურ სასჯელს წარმოადგენს.[2]

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მის ინდივიდუალურ წევრებს მოახდინონ საკითხის პრიორიტეტიზაცია და ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის განხილვა და მიღება მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. გარკვეული ქმედებების დეკრიმინალიზაციისა და პოლიტიკის ცვლილების პარალელურად, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება სამედიცინო სერვისების განვითარება, რისთვისაც შესაბამისი დრო იქნება საჭირო და აუცილებელია მალევე დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები.

სახალხო დამცველი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს. ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია, შესაბამისად მის წინააღმდეგ საბრძოლველად არ უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი მექანიზმები.



[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-108.

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-42.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)