სახალხო დამცველი ქობულეთისა და ლეღვას მოსახლეობას შეხვდა
2016 წლის 23-24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა ქობულეთისა და სოფელ ლეღვას მოსახლეობასთან. მოსახლეობის მთავარ პრობლემას სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები წარმოადგენს, მათ შორის, გაზიფიცირებისა და სასმელი წყლის სისტემების გაუმართაობა.
მწვავედ დგას სოციალური შემწეობების შეჩერების საკითხიც. მოსახლეობას, რომელსაც შეუჩერდა სოციალური დახმარება, ვეღარ სარგებლობს უფასო სასადილოთი. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის რაიონში არ არის ხანდაზმულთა თავშესაფარი. კვლავ უშედეგოდ ითხოვენ სესხის გადავადებას 2008 წლის ომის გამო იპოთეკით დაზარალებული პირები.
შეხვედრაზე ისაუბრეს მართლმსაჯულების და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე; მოსახლეობა მათი ძველი და მიმდინარე საქმეების გადახედვას ითხოვს. ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად იღებს და განიხილავს განცხადებებს ინდივიდუალურ საქმეთა შესახებ.
მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოხატა ქობულეთის პოლიციის მიმართ, აღინიშნა, რომ ხშირია არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტები. სახალხო დამცველი შესაბამისის უწყებებისგან თითოეული ასეთი ფაქტის გამოძიებას და ადეკვატური შედეგის დადგომას მოითხოვს.