სახალხო დამცველი პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს პასუხობს
სახალხო დამცველი ეხმაურება ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროკურორის ჯარჯი წიკლაურის საჯარო განცხადებას და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს განზრახი არასწორი განცხადებებისგან, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს და პროფესიული პატივისცემა შეინარჩუნოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიმართ.
სამწუხაროა, როდესაც საჯარო თანამდებობის პირებს ავიწყდებათ კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი ფუნქციაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მონიტორინგი. შესაბამისად, სახალხო დამცველი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით, სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გააცნოს.
სახალხო დამცველი არ წარმოადგენს „მეოთხე ინსტანციის“ სასამართლოს და შესაბამისად ამ კონკრეტულ საქმეზე მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობაში მეოთხე ინსტანციის ფუნქციები არ იკვეთება. კერძოდ, სახალხო დამცველს არ შეუცვლია მოსამართლის განაჩენი, ასევე, არ მიუთითებია მოსამართლისთვის რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა საქმის განხილვისას. არამედ, საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო შედეგები მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რაც პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან და ორგანული კანონიდან.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების ... საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას“.
საინტერესოა ბატონი პროკურორის მხრიდან საპარლამენტო ანგარიშში დაფიქსირებული ინფორმაციისთვის „წინასწარისა და არაობიექტურის“ წოდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომსაქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს უნდა ესმოდეს უდანაშაულობის პრეზუმფციის არსი. გაურკვეველია, რა დამატებითი მასალის შესწავლა სჭირდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამოვლენას, როდესაც ყველამ მოისმინა გიორგი მამალაძის დაკავების შემდგომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ (მთავარი პროკურორის ჩათვლით) გაკეთებული განცხადებები.
პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებები სახალხო დამცველის მიერ საკუთარი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებამ გამოიწვია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ერთადერთი იყო, ვინც საზოგადოებას თავიდანვე აწვდიდა ინფორმაციას გიორგი მამალაძის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შიმშილობის მიზეზების შესახებ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხდომების სრულად დახურვის საფუძველი მოცემულ საქმეში არ გამოკვეთილა. მესამე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი პროცესის ნაწილობრივი დახურვის შედეგად.
ნიშანდობლივია, რომ პროკურატურამ თავიდანვე შეზღუდა ბრალდებულის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილით და სურდა საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარმართულიყო. წინამდებარე განცხადებები ანალოგიურ მიზანს ემსახურება – არ გახმაურდეს საქმეში არსებული დარღვევები. სწორედ ამიტომ სვამს კითხვებს პროკურორი ზვიად გუბელაძე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა სახალხო დამცველის ჩართვა მოცემულ საქმეში, ან რატომ ამყარებდა კომუნიკაციას პრესის წარმომადგენლებთან.
სახალხო დამცველმა არაერთხელ დააფიქსირა პატივისცემა სასამართლოს მიმართ დაგამოთქვა მოლოდინი ე.წ. „ციანიდის საქმის“ განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა ამ ეტაპზე მხოლოდ საქმის გამოძიებაში დაშვებული ხარვეზები მიმოიხილა. 5 სექტემბრის საჯარო განცხადებაში საუბარი არ ყოფილა მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობის ან მტკიცების სტანდარტის საკითხებზე. შესაბამისად, პროკურორთა განცხადებები უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
და ბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯარჯი წიკლაურს, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიმართ პირადი ხასიათის უპატივცემულო განცხადებებისგან. მსგავსი არაპროფესიონალური დამოკიდებულება, პირველ რიგში, თავად პროკურატურის რეპუტაციას ლახავს.