სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნეონაცისტური დაჯგუფებების მონაწილეთა მხრიდან ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე შესაბამისი რეაგირებისკენ
სახალხო დამცველი ეხმიანება 2018 წლის 13 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ პარალელურად მიმდინარე „ქართული მარშისა“ და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ.
კერძოდ, 13 მაისს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას, ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს. გავრცელდა ინფორმაცია რუსთავი 2-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის შესახებ. ასევე, ნეონაცისტური დაჯგუფების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი იწყებენ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრება და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ისეთი მოწოდებები, რომელიც არის ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის მათი განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს.[1] ასევე, ხელისუფლებას შეუძლია შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტა, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.[2] პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას, აუცილებელია, შესაბამის პირთა ქმედებით ზიანი არ მიადგეს სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული კონტრაქციის მონაწილეთა ქმედებები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ასევე, იკვეთება სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები.[3]
მიუხედავად იმისა, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი იდგა, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ფიზიკური დაპირისპირების რისკი, კონტრაქციის მონაწილეები არაერთგზის ცდილობდნენ კორდონის გარღვევას. ასევე, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაარღვია პოლიციის კორდონი და აცხადებდნენ, რომ აქციის დარბევას გეგმავდნენ. გავრცელდა ვიდეო კადრები, რომლიდანაც ირკვევა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალს კონტრაქციის აქტივისტმა დაარტყა სახის არეში. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია სხვა ძალადობის ფაქტებზეც.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოავლინოს 13 მაისის კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაულებრივი ქმედება და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. ამავდროულად აუცილებელია რომ მომავალში, ნეონაცისტური ჯგუფების შეკრების დროს დროულად შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.
[1] საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, მუხ. 11, პუნ. 1.
[2] საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 25, პუნ.3.
[3] ზემოხსენებული ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს: 126-ე (ძალადობა), 142-ე (ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა), 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა), 161-ე (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონო ხელყოფა), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 239-ე (ხულიგნობა), 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) და სხვა.