ახალი ამბები

სახალხო დამცველი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გურიის რეგიონში ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა. რეგიონში მოსახლეობის ძირითად პრობლემას სოციალური მდგომარეობა წარმოადგენს. შეხვედრებიდან გამოიკვეთა ასევე, რომ ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია უკვე არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ხშირ შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის არ ცოდნის გამო ვერ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისებით.

მწვავედ დგას სასმელი წყლის, გაზიფიცირებისა და სამანქანო გზების საკითხი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში. საგზაო ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო მოსახლეობას უჭირს პროდუქტების მომარაგება, ვერ ახერხებენ სარეალიზაციოდ მოსავლის ტრანსპორტირებას. ზემო ჭანჭათში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც ვერ ადის.

მოსახლეობის ინფორმაციით, ლანჩხუთის რაიონს მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთი სოციალური მუშაკი ვერ ახერხებს ოჯახში ბავშვთა ძალადობის დროულ პრევენციას. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ სოციალურ მუშაკს არ ემსახურება მანქანა, რაც განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში გადაადგილების პრობლემას ქმნის.

ლანჩხუთის მოსახლეობის ნაწილი პროტესტს გამოთქვამს სამსახურებიდან გათავისუფლების გამო. ადგილობრივი მაცხოვრებლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურიდან მათი დათხოვნა პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა.

სახალხო დამცველი რეგიონთან დაკავშირებით რეკომენდაციის შემუშავებას გეგმავს, ასევე მოხდება ინდივიდუალური საჩივრების განხილვა, რომელთა უმრავლესობაც საკუთრების დამტკიცების საკითხსა და სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს შეეხება.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)