სახალხო დამცველი კონფლიქტით დაზარალებულ პირთა საჭიროებებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის წევრებს შეხვდა
2015 წლის 3 აპრილს, ევროპის სახლში, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია უსაფრთხო მსოფლიოს და გორის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გამყოფი ხაზის მდებარე 20 თემის წარმომადგენელი და სახალხო დამცველთან არსებული ოსური ფორუმის წევრები.
შეხვედრა სახალხო დამცველის მოხსენებით გაიხსნა. სიტყვით გამოსვლაში უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა მიწის რეგისტრაციის, ომის დროს დაზარალებული სახლების რეაბილიტაციის, სასმელი წყლის პრობლემის, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საკითხებზე. სახალხო დამცველმა შეხვედრაზე სპეციალური ანგარიშებიც წარმოადგინა, რომელიც გასულ წელს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებთან დაკავშირებით მომზადდა.
„გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შესწავლისას გამოიკვეთა არაერთი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემა, რის გამოც მაღალია მიგრაცია ამ სოფლებიდან. ირღვევა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა ჯანმრთელობის უფლება, საკუთრების უფლება, ადეკვატური საცხოვრებლის უფლება და აშ. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლების უფლებებთან დაკავშირებით რამდენიმე სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ზარდიაანთკარის მოსახლეობა 2008-2012 წლებში გორის საბავშვო ბაღს აფარებდა თავს, თუმცა ამ პერიოდში არც დევნილის სტატუსი და არც სახელმწიფო კომპენსაცია არ მიუღიათ. მართალია, 2012 წელს ხელისუფლებამ აღადგინა სოფელზე კონტროლი, მაგრამ მოსახლეობა სახლებში ვერ ბრუნდება რადგან მათი დიდი ნაწილი დაზიანებული და საცხოვრებლად საშიშია. ამის გარდა, სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიმოვიხილეთ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები, და მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ქმედითი ზომების გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
გამყოფი ხაზის მდებარე თემის წარმომადგენლებს კომისიის წევრებმა ინფორმაცია მიაწოდეს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის ოთარ კონჯარიას განცხადებით, მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები და ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება ბუნებრივი აირის მიწოდება. ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციაც. ამის გარდა, საუბარი შეეხო განათლების საკითხებსაც. კომისიის მდივნის თქმით, 2014-2015 სასწავლო წლისათვის მოხდება გამყოფ ხაზზე მცხოვრები 500–ზე მეტი სტუდენტის დაფინანსება. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დონორების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრის მიზანს გამოყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვადასხვა ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. ანალოგიური შეხვედრები სამთავრობო კომისიასა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის გარკვეული პერიოდულობით გაიმართება.