ახალი ამბები

სახალხო დამცველი კახეთის მოსახლეობას შეხვდა

2017 წლის 29-30 აგვისტოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კახეთის რეგიონში პანკისის, ილტოს ხეობისა და ზემო ალვანის მოსახლეობას შეხვდა.როგორც შეხვედრებიდან გაირკვა, რეგიონში მთავარ გამოწვევას სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები წარმოადგენს.

ილტოს ხეობის სოფლები მაღალმთიანი სტატუსის მიღმაა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ მთის კანონით გათვალისწინებულ ძირითად კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ხეობისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს სახალხო დამცველმა 2016 წელს მიმართა. მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, არ არის ბუნებრივი აირი, ამბულატორია, აფთიაქი, მაღაზია. მაღალია მოსახლეობის მიგრაცია, 200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ამ დროისთვის მხოლოდ 4 ბავშვი სწავლობს. მოსახლეობის ინფორმაციით, მაცხოვრებელთა 80 პროცენტამდე უკვე 40 წელს გადაცილებულია.

საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა დგას წოვა–თუშეთის სოფლებშიც. ხშირი მეწყერული პროცესების გამო სოფლებში მისასვლელი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ მიმოსვლა ფეხითაც მოსიარულეთათვისაც კი რთულია; არ არის მობილური და ინტერნეტ კავშირი, საგანგებო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარების გამოძახებისთვის მობილური კავშირის დასამყარებლად მოსახლეობა ათეულობით კილომეტრებს ცხენებით გადის.

ზემო ალვანის მაცხოვრებლები გულისტკივილს გამოთქვამენ წოვა–თუშური (ბაცბური) ენის გაქრობის საშიშროების გამო და სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ენის სწავლებისათვის საათების გამოყოფა ითხოვენ.

წოვა–თუშები მიწის საკუთრების საკითხზეც საუბრობენ. მათი თქმით, ტბათანას ტერიტორიაზე, სადაც ისტორიულად წოვა–თუშების სააგარაკე სახლები და საძოვრებია განთავსებული, ვერ ახერხებენ მიწის რეგისტრაციას.

სახალხო დამცველმა პანკისში 2012 წელს 28-29 აგვისტოს ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები მოინახულა და უხუცესთა საბჭოს წევრებს და სალაფიტური თემის წევრებს შეხვდა.

ვიზიტის დასასრულს კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, დაგეგმილ პროექტებს გაეცნო და ის საკითხები განიხილა, რომელთა მოგვარებაც დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.

30.08.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)