ახალი ამბები

სახალხო დამცველი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდა

2016 წლის 13 აპრილს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდნენ. არასამთავრობო სექტორთან სახალხო დამცველმა სამი ძირითადი თემა – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება, მოსმენების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების საკითხები განიხილა.

„რიგ საკითხებზე ჩვენი და არასამთავრობო სექტორის პოზიციები თანხვედრაშია. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი, გასულ წელს მოსმენებთან დაკავშირებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების მოთხოვნით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებმა ასევე წარმოადგინეს ხედვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრის მიზანიც მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას ემსახურებოდა.“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველთან ერთად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

13.04.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)