ახალი ამბები

სახალხო დამცველი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შეხვდა

2015 წლის 11 ნოემბერს სახალხო დამცველი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს გიორგი მდინარაძეს შეხვდა, რომელიც 8 ნოემბერს ვაკე–საბურთალოს პოლიციის #5 განყოფილებაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გიორგი მდინარაძემ სახალხო დამცველს პირადად გააცნო მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები და ომბუდსმენს ფაქტზე ეფექტური და დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

სახალხო დამცველი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის და საჭიროა პასუხისგებაში მიეცნენ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველები. უჩა ნანუაშვილმა 27 თებერვალს სამმართველოს შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმეც გაიხსენა და უკმაყოფილება გამოთქვა, რომ საქმეში მონაწილე არცერთი სამართალდამცავი ამ დრომდე არ არის დასჯილი.

გიორგი მდინარაძის ინფორმაციით იგი 8 ნოემბერს დაახლოებით 2:15 საათზე მივიდა პოლიციის შენობაში არასრულწლოვანი პირის ინტერესების დასაცავად. დაკითხვის პროცესის დაწყებამდე მან გამომძიებელს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყენებდა დუმილის უფლებას. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ცალკე ოთახში სასაუბროდ გაიყვანეს, რასაც ესწრებოდა ასევე მისი მამა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატის მიმართ გამოხატეს აგრესია. იგი შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში და პოლიციის დაახლოებით ხუთმა თანამშრომელმა და მათ შორის პოლიციის უფროსმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

11.11.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)