სახალხო დამცველი ირაკლი ფირცხალავას პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
2015 წლის31 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ვებ გვერდზე გავრცელდა რამდენიმე ორგანიზაციის (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), იდენტობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)) ერთობლივი განცხადება. განცხადებაში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატს ე.წ. „კორტების საქმეზე“ ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავასთან ვიზიტი არ განუხორციელებია. ამასთან, განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდებენ „პროაქტიურად განახორციელოს ვიზიტები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოინახულოს ბრალდებული და სათანადო რეაგირება მოახდინოს მისი უფლებების დარღვევის ფაქტზე“.
საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომგანცხადებაში მითითებული ინფორმაცია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებს არ მოუნახულებიათ ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოინახულეს ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან მე-8 დაწესებულებაში გადაყვანამდე და მას შემდეგაც. ასევე, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ბრალდებულის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა საყოფაცხოვრებო საკითხებს და რომელთა შესახებ თავად პატიმარი ფირცხალავა წერილობით ინფორმირებულია.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელაღსრულებისმე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციურ დეპარტამენტისგან ბრალდებულის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი მოითხოვა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ფირცხალავასთან ვიზიტი განახორციელეს როგორც 30 ივლისს (თუმცა შეხვედრა ვერ შედგა ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ყოფნის გამო), ასევე, 1 აგვისტოს, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ისახავს მიზნად. თუმცა, მიუღებლად მიაჩნია განცხადების გავრცელება ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების გარეშე, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციები მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებიან მსგავსი ტიპის მგრძნობიარე თემებზე განცხადებების გაკეთებას და არ შეუწყობენ ხელს დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.