ახალი ამბები

სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

2016 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელს ჩალოკა ბეიანის შეხვდა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. განიხილეს დევნილთა განსახლების პროცედურები და რეკომენდაციები, რომლებიც სახალხო დამცველმა დევნილთა საჭიროებების უზრუნველსაყოფად მთავრობას წარუდგინა.

სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა აპარატის საქმიანობა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის სფეროში. ასევე, სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია, დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ ძირითად პრობლემებზე; კერძოდ, დევნილთა საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტების და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესებთან დაკავშირებით. გააცნო მას იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში არსებული სიახლეები.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა დევნილთა შესახებ კანონის დახვეწაზე, რათა მოხდეს ე.წ. „საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე“ გადასვლა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ასევე, ისაუბრა, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე განსახლებული დევნილები სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად ითვლებიან, თუმცა მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა.

მიუხედავად პოზიტიური ნაბიჯებისა, რომლებიც დევნილთა გრძელვადიანი დაკმაყოფილების მიზნით მიმდინარეობს, დღემდე არაერთი პრობლემა რჩება მოუგვარებელი, აღნიშნული კი სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან დიდ ძალისხმევას და აქტიურ მუშაობას მოითხოვს.

სახალხო დამცველმა ასევე, ისაუბრა ეკომიგრანტების უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში და იმ ძირითად პრობლემებზე, რაც ამ სფეროში არსებობს. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ეკომიგრანტები არ ითვლებიან იძულებით გადაადგილებულ პირებად და მათზე არ ვრცელდება დევნილთა სფეროში არსებული კანონმდებლობა, ასევე არ არსებობს ეკომიგრანტთა სტატუსი საკანონმდებლო დონეზე. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სტიქიის შედეგად იძულებით გადაადგილებული და დაზარალებული პირების უფლებათა დაცვის მიზნით მათი განსახლების შემდგომ, ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების მნიშვნელობას.


26.09.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)