ახალი ამბები

სახალხო დამცველი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე რენატე ფაიჩის შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის გაუმჯობესების კუთხით გაცემულ რეკომენდაციებზე. განიხილეს ასევე საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციაზე მთავრობის მისამართით, რომელიც ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის საქმიანობა გააცნო და მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

2.02.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)