სახალხო დამცველი ეხმიანება კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ
სახალხო დამცველი ეხმიანება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებას. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითად სულისკვეთებას. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქმიანობის ფარგლებში სახალხო დამცველი აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან.
სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ქვეყანაში არსებული რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებზე და სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში წლებია ებრძვის არსებული ნარკოპოლიტიკის მანკიერ პრაქტიკას. ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის, როგორც არაჰუმანური სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით, სახალხო დამცველმა 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 2015 წლის 20 ნოემბერს კი სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.
წარმოდგენილი ინიციატივით გათვალისწინებულია ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების/მცირე ოდენობით შეძენა, შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირების დეკრიმინალიზაცია. სახალხო დამცველი სრულიად იზიარებს ამ მიდგომას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე ან/და პირადი მოხმარების მიზნით, შედარებით მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, დამზადებაზე სასჯელის სახით არ უნდა იყოს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით ითხოვდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის სრულ დეკრიმინალიზაციას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს.
სახალხო დამცველი ასევე იზიარებს პროექტით გათვალისწინებული იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების წესის ცვლილებას. ქუჩის, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ჩატარებული ნარკოტესტირების პრაქტიკა, რომელზეც წლებია სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში საუბრობს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ინტენსიურად და უხეშად აზიანებს პირის თავისუფლებისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის და სამართლიანი სასამართლო განხილვის პრინციპებს, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტებს. ამ პრობლემის საპასუხოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვა კონკრეტული სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული ინიციატივა – დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები. განსაზღვრული მცირე ოდენობების არ არსებობა მძიმე პრობლემას წარმოადგენ, რის გამოც ხდება აბსოლუტურად არათანაზომიერი საპატიმრო სასჯელების გამოყენება. აუცილებელია ე.წ. ახალი ფსიქო–აქტიური ნივთიერებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ცვლილება, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შემსუბუქების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები დადებითად აისახება ნარკოტიკების მომხმარებელთა სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ქვეყანაში არსებული არაჰუმანური და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. ამასთან, სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში და წარადგინოს მოსაზრებები კანონპროექტის გარკვეული დებულებების დახვეწის მიზნით.