სახალხო დამცველი ეხმაურება მოქალაქე ი.ხ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო წამების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის ფაქტს
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს პროკურატურის მიერ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას, მოქალაქე ი.ხ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სახალხო დამცველის წინადადება, რომლის თანახმად, არსებობდა ვარაუდი, რომ მოქალაქე ი.ხ.–ს 2016 წლის 16 თებერვალს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. შედეგად, ი.ხ.–მ მიიღო ფიზიკური დაზიანებები, რაც იმავე დღესვე, დეტალურად აისახა სამედიცინო დაწესებულებაში შედგენილ დოკუმენტაციაში.
სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად, ირკვევა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო დროულად და გაჭიანურდა ორი კვირით: სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს 2017 წლის 27 თებერვალს მიმართა, ხოლო, გამოძიება 2017 წლის 15 მარტს დაიწყო. გარდა ამისა, გაჭიანურება გამოვლინდა ადვოკატის განცხადების პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებში გადამისამართებით. საქმის მასალების მიხედვით, ი.ხ.–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადება 2017 წლის 9 მარტს გაეგზავნა ვაკე–საბურთალოს რაიონულ პროკურორს, ხოლო, 13 მარტს აღნიშნული განცხადება გაეგზავნა თბილისის პროკურატურას.
გამოძიებამ ვერ გაფანტა მაღალი ალბათობის ეჭვი იმის შესახებ, რომ ი.ხ.–მ განყოფილებაში მიიღო დაზიანება, რაც თავად გამოძიების მასალებით იკვეთება. კერძოდ, გამოძიების მასალებით იგი პოლიციის განყოფილებაში შევიდა სრულიად ჯანმრთელი და პოლიციის განყოფილებიდან გამოსული სახლში მივიდა ტაქსით, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა კლინიკაში. ამ მოქმედებათა ქრონოლოგია დგინდება დროის გონივრული გამოთვლით - რამდენი დრო დასჭირდებოდა მის სახლამდე მისვლას მისამართის მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას და შემდგომ მის კლინიკაში გადაყვანას. გამოძიებას არ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ი.ხ.–ს პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიუთითებდა მისი დაზიანების სხვა წყაროზე და რომლითაც თუნდაც ეჭვი გაჩნდებოდა, რომ შესაძლოა ი.ხ.–მ დაზიანება პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მიიღო.
ი.ხ.–ს დაზიანებები დაფიქსირებულია მოქმედებათა სამედიცინო დოკუმენტებში, გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ მოქალაქესთან. ასევე, ამოღებულია პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, აღენიშნებოდა თუ არა მოქალაქე ი.ხ.–ს ფიზიკური დაზიანებები პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის დატოვებისას. ხოლო, ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხვისას უარყვეს ი.ხ.–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ვერ გამორიცხავს ეჭვს, რომ აღნიშნულს მართლაც ჰქონდა ადგილი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარდა დროული და ეფექტიანი გამოძიება და იგი შეწყდა უსაფუძვლოდ – გამოძიებამ ვერ გამორიცხა დანაშაულის ნიშნები, რომ პოლიციის შენობაში იქნა პირი ნაცემი და მიუხედავად ამისა, მაინც შეწყვიტა საქმეზე წარმოება.
ზემოაღნიშნული ხარვეზებიდან გამომდინარე, აუცილებელია, პროკურატურამ განაახლოს და აწარმოოს სრულყოფილი გამოძიება ი.ხ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.