სახალხო დამცველი ეხმაურება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებას
სახალხო დამცველისაპარატის წარმომადგენელი, არსებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევდა მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს. როდესაც დაიძაბა ვითარება, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის მობილიზებისას, ჩვენმა წარმომადგენელმა პოლიციის ადგილზე მყოფ თანამშრომლებს რეაგირებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის. შედეგად დაზარალდნენ ორივე მხარის წარმომადგენლები.
მოვუწოდებ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც ხელს შეუშლის ვითარების განმუხტვას და არ დაუშვან ძალადობის გამოვლინება.
ასევე მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ ძალადობის პრევენციისათვის და სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყონ ძალადობის თითეული ფაქტის აღკვეთა და დროული გამოძიება.