სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
2017 წლის 28 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს პირადად გააცნო ის პოზიტიური ცვლილებები და შენიშვნები, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას გამოიკვეთა.
სახალხო დამცველმა ჯანი ბუკიკიოსთან საუბარში დადებითად შეაფასა ინტერნეტ თავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტი, რაც წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველის რიგი მნიშვნელოვანი შენიშვნების ასახვა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მომზადებისას არ მომხდარა.
კერძოდ, პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ომბუდსმენის არჩევის წესიც განიხილა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ორჯერ არჩევის დაუშვებლობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაუსაბუთებელი და მსჯელობას მოკლებულია, რადგანევროპის უმრავლეს ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, ხოლო იქ სადაც ხელმეორედ არჩევა შეზღუდულია, სახალხო დამცველი აირჩევა 5 წელზე მეტი ვადით.
კიდევ ერთი რეკომენდაცია რომელიც სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან განიხილა ომბუდსმენის აპარატის საბიუჯეტო გარანტიების საკითხს შეეხებოდა. ამ მიმართულებითაც საკონსტიტუციო კომისიამ ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯების შემცირება აღნიშნული პროექტით სახალხო დამცველის თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი.
სახალხო დამცველი ასევე ნეგატიურად აფასებს კონსტიტუციის პროექტში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას, პრეზიდენტის არჩვის წესსა და სასამართლო სისტემაში შესატან ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო პაკეტით არის განსაზღვრული.
სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ასევე აღნიშნა, რომკომისიის მუშაობის შედეგად კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში აღმოჩნდა ისეთი დებულებები, რომელთა მიმართაც სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კონსენსუსი არ შემდგარა, რაც ომბუდსმენის შეფასებით კომისიის ფორსირებულ რეჟიმში მუშაობის შედეგია.
სახალხო დამცველმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ აღნიშნა ვენეციის კომისიის როლი კონსტიტუციის საბოლოო ფორმირების პროცესში და გამოთქვა იმედი, რომ რეკომენდაციები რომელსაც კომისია შეიმუშავებს იქნება სრულად გაზიარებული საქართველოს მხრიდან.