სახალხო დამცველი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
2016 წლის 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდნენ.
სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის საქმიანობა, ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით მომზადებული მთავარი რეკომენდაციები და საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის იმპლემენტაციის პროცესი, ქვეყანაში არსებული გენდერული გარემო და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა; ასევე ისაუბრეს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და იმ ინიციატივებზე რომლებიც სახალხო დამცველმა კომისიას წარუდგინა.
საქართველოს სახალხო დამცველი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.