სახალხო დამცველი „ბირჟა მაფიას“ რეპერების დაკავებას ეხმაურება
2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).“ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე იგივე აღნიშნა ორივე ბრალდებულმა. კერძოდ, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, „გადავწყვიტეთ ერთ-ერთი სიმღერით გაგვეშარჟებინა პოლიცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია [...] დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა საშიშროება, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო [...] გადამიყვანეს კაპაზეში, მითხრეს [...] ვიღაც ძალიან გააღიზიანეო, გადამიყვანეს რაღაც ოთახში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ აი, ვისაც არ უყვარს პოლიციელი. არ მალავდნენ რომ ამ კლიპზე იყო საუბარი, მკითხეს შენ ხარ ავტორიო და ვუთხარი რომ კი, შემეშალა. მეუბნებოდნენ რომ მეღიარებინა, რომ მეთქვა რომ ჩემი იყო ნარკოტიკი და მოხმარებისთვის მინდოდა.“ ხოლო მეორე დაკავებულის, გიორგი ქებურიას თქმით: „მაძალებდნენ აღიარებით ჩვენებას და მეუბნებოდნენ, რომ აღიარების შედეგად ჯარიმით გამოვიდოდი. ეს ყველაფერი მოჰყვა კლიპს, რომელშიც პოლიციისთვის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაშია გამოყვანილი მსახიობი. ამას ვერ მალავდნენ. ჩემთვის უცნობმა პირმა მომაყენა შეურაცხყოფა და მაგინებდნენ, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იმღერებო.“
აღსანიშნავია, რომ youtube-ზე 4 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, პოლიციელის პერსონაჟი მართლაც იმგვარადაა დაბურული, რომ მისი გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, რაც აძლიერებს ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ვერსიას.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.“ არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უაღრესად საყურადღებოა ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიპის ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და მისი დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად წარმოება.
სახალხო დამცველი ყურადღებით მიადევნებს თვალს მოცემულ საქმეს და საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.