სახალხო დამცველი ბარსელონაში ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო
2016 წლის 26–27 აპრილს კატალონიის ომბუდსმენის რაფერლ რიბოს მოწვევით, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო სემინარს დაესწრო, სადაც ადამიანის უფლებათა წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეებზე ისაუბრეს.
ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტების კონფერენციაზე განხილული იქნა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობის შემაშფოთებელი ტენდენცია, რაც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ასევე ისაუბრეს ლტოლვილთა კრიზისა და მისგან გამოწვეულ ეკონომიკური პრობლემებზე, რასიზმისა და ქსენოფობიის საფრთხეებზე. წამოიჭრა არაერთი აქტუალური სკითხი და განისაზღვრა სამომავლო გეგმები ომბუდსმენთა ინსტიტუტების ეფექტიანი საქმიანობისთვის.
ღონისძიება ორგანიზებულ იყო ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღეს ომბუდსმენებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
საქართველოს სახალხო დამცველი ომბუდსმენების საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) სრულუფლებიან წევრად 2014 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს. ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI) ერთადერთი გლობალური ინსტიტუტია, რომელიც 155-მდე ომბუდსმენთა ორგანიზაციას აერთიანებს. ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტი ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას რეგიონულ და უნივერსალურ დონეზე სხვადასხვა კონფერენციების, სწავლებებისა და სემინარების ორგანიზების მეშვეობით, ეფექტური საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებასა და წევრ ქვეყნებში დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებას.