ახალი ამბები

სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდა

2018 წლის 18 იანვარს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ მოწვეულ სტუმრებს სახალხო დამცველის მოადგილეები წარუდგინა და მათი სამუშაო მიმართულებები გააცნო. ასევე ისაუბრა სტრატეგიული მიმართულებებისა და მიზნების გაძლიერებაზე.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიშის მომზადების პროცესში არასამთავრობო სექტორის შეხედულებების, პრიორიტეტებისა და არსებული გამოწვევების გაცნობა. სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ანგარიშის ფორმატისა და სტილის ცვლილებაზე და აღნიშნა, რომ ანგარიში იქნება ძირითადად შეფასებითი და ანალიტიკური ხასიათის, სისტემური პრობლემების წარმოჩენაზე ორიენტირებული. ინდივიდუალური საქმეები ანგარიშს ცალკე დოკუმენტად დაერთვება.

20–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის ფარგლებში სახალხო დამცველს თავისი წინადადებები და რეკომენდაციები შესთავაზეს. სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დახვეწის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერება, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, შრომის უსაფრთხოების, მიწის რეგისტრაციის, ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მიღების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობაში, მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე. ყურადღება გაამახვილეს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მისი აპარატი მაქსიმალურად მიადევნებს თვალყურს აფგან მუხთარლის გატაცების საკითხზე მიმდინარე გამოძიებას. ასევე შეისწავლის მუსტაფა ემრე ჩაბუქისათვის მოქალაქეობის არმიცემის ფაქტს.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მზადყოფნა გამოთქვა გამართოს რეგულარული თემატური შეხვედრები ტენდენციების გამოკვეთისა და პრობლემათა დაძლევის გზების ძიების მიზნით.

18.01.18
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)