ახალი ამბები

სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიერ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ეხმიანება

2018 წლის 11 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გამოეხმაურა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით.

სახალხო დამცველის აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ზაზა სარალიძის და სხვა დაზარალებულთა უფლებების დასაცავად; ცდილობს მიაგნოს და შეისწავლოს საქმის ყველა დეტალი, რაც ნათელს მოფენს მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შემშლელ ფაქტორებს და გამოკვეთს ამ დანაშაულში მონაწილე პასუხისმგებელ პირებს. აპარატი ასევე მუშაობს სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„ცხადია, დასახული ამოცანის მასშტაბი სცილდება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და სხვა გლობალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ეს არის საქმე, სადაც დღის წესრიგშია როგორც დათო სარალიძის უფლებების დაცვა, ასევე სხვა გარდაცვლილი ბავშვების უფლებები და ინტერესები.

სრულიად მესმის პიროვნული მღელვარება და ბრაზი, რომელიც ბატონ ზაზას ან აქციაზე შეკრებილ ნებისმიერ პირს შეიძლება ქონდეს. მაგრამ, ამის მიუხედავად აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი. სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ბატონი ზაზას მიმართ, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიესალმება პროტესტის ყველა ფორმას, მაგრამ ამავდროულად აუცილებლად მიიჩნევს აღნიშნული მშვიდობიანი და კანონიერი იყოს, რაც პირველ რიგში გულისხმობს, რომ სხვა პირთა უფლებები არ დაირღვეს; ამავდროულად აუცილებელია მართლწესრიგის დაცვისას გამოყენებული ყველა ზომა პროპორციული და ადეკვატური იყოს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)