სახალხო დამცველი აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებს ეხმაურება
სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკვირდებოდა 2017 წლის 23 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებს. კერძოდ, პარტია ევროპულმა საქართველომ გამართა რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა, პარალელურად კი, ადგილი ჰქონდა კონტრაქციას, რომელიც თავდაპირველად „ქართული მარშის“ ორგანიზატორებმა დაგეგმეს, მოგვიანებით – გააუქმეს, თუმცა მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა მაინც შეიკრიბა.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პოლიციის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცავთა კორდონი იდგა, რამაც ხელი შეუწყო მანიფესტაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და რისკები მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა, მიღებული ზომების მიუხედავად, მაინც ჰქონდა ადგილი ცალკეულ ინციდენტებს. დაფიქსირდა კონტრდემონსტრანტების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ სხვადასხვა საგნების – წყლის ბოთლების, კვერცხებისა და ცოცხების სროლის, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, საგნების სროლას რამდენიმე ადამიანის დაშავებაც მოჰყვა. მოქალაქის დაშავების ფაქტზე შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ თითოეულ ამ ინციდენტზე და გამოიყენონ პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესს.