სახალხო დამცველი აფეთქების ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
2016 წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. გივი თარგამაძის მიერ მედიაში გაკეთებული კომენტარის მიხედვით, მის წინააღმდეგ აღნიშნული აფეთქება დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განხორციელდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.
საგანგაშოა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე 3 დღით ადრე. გამოძიების მხოლოდ დაწყება, რასაკვირველია, არ არის საკმარისი. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაწყებული პროცესი დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანონ ბოლომდე, ხოლო დამნაშავე პირების მიმართ დროულად უნდა იქნეს მიღებული კანონშესაბამისი ზომები.