სახალხო დამცველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
2016 წლის 24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესარჩილ ხაბაძეს შეხვდა და რეგიონში არსებული სოციალური გამოწვევები, ინფრასტრუქტურული პრობლემები და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილა.
სამსაათიან შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრზე ისაუბრეს, მათ შორის, ე.წ „მუყაოს ქალაქის“ მაცხოვრებელთა წინაშე მდგარ პრობლემებზე, ეკომიგრანტთა დახმარებისათვის არსებულ რესურსებსა და პროგრამებზე; იპოთეკით დაზარალებულთათვის რეფინანსირების, ბათუმის ბულვარის აღდგენის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დავისა და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, არჩილ ხაბაძემ სახალხო დამცველს მეჩეთის რეაბილიტაცია–მშენებლობის გეგმა წარუდგინა.
„ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან თემაზე და მივიღეთ საჭირო, ინფორმაცია. ასევე, შევეხეთ იმ რამდენიმე საქმეს, რომელიც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან იყო დაკავშირებული“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
24 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე, საქართველოს სახალხო დამცველი აჭარის მოსახლეობას და ადგილობრივ არასამთავრობოთა წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებთანაც არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.