სავალდებულო სამხედრო სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეები
2015 წლის 30 ოქტომბერს სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დებატები გამართა თემაზე: სავალდებულო სამხედრო სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეები. დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ სახალხო დამცველის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი თამარ გაბიანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოგა ხარშილაძე.
სახალხო დამცველის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ის პრობლემები, რომელიც სავალდებულო სამხედო სამსახურში გაწვევას ახლავს. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა წვევამდელთა შემოწმების პროცედურების დარღვევები. კერძოდ, სამედიცინო შემოწმების დროს არ არის დაცული კონფიდენციალურობის პრინციპი და წვევამდელებს საკუთარი სამედიცინო დიაგნოზის გაჟღერება ფართო ჯგუფში უხდებათ. ფსიქიკური პრობლემების გამოსავლენად დადგენილი 10 დღიანი ვადის ნაცვლად პროცესს 10 წუთი ეთმობა. ხშირია ადაპტაციის პერიოდში ნერვული აშლილობის შემთხვევებიც, თუმცა ფსიქოლოგთან გასაუბრების შესაძლებლობა ახალწვეულებს არ ეძლევათ.
მთავარ პრობლემად სახალხო დამცველი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ფუნქციებს მიიჩნევს. ძირითადად სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს იყენებენ დაცვის სამსახურში სამხედრო ბაზაზე და გარე დაცვის პერიმეტრებზე. მათი ფუნქციაა საყარაულო განწესში გუშაგებად გასვლა და შიდა განწესში მედღევეებად; სასჯელაღსრულებს დაწესებულების პერიმეტრზე საგუშაგოებზე მორიგეობა ან სხვადასხვა ტიპის ფიზიკური სამუშაოს შესრულებას.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებულ მოდელს მხარს არ უჭერს არც თავდაცვის სამინისტრო. მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის განცხადებით, უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც მომდევნო წლიდან ნაკადის შემცირებას, 2017 წლიდან კი საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს; ანა დოლიძის ცნობით, საკითხზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა გაუქმების პარალელურად საჭიროა მოიძებნოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული პროექტი. ერთ–ერთ ალტერნატივად ამ ეტაპზე ძლიერ რეზერვის შექმნა განიხილება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სავალდებულო სამხედრო სამსახურის სრულად გაუქმებას მხარს არ უჭერს და საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობს. ირაკლი სესიაშვილი ახალ კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის დახვეწილ მოდელს გულისხმობს.
საჯარო დებატებში მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ მუშაობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ადამიანის უფლებათა სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით. ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის შექმნის პერსპექტივაზეც, რომელიც ამ მიზნების გზების ძიებაზე იმუშავებს.
სახალხო დამცველი საჯარო დებატებს ადამიანის უფლებათა აქტუალურ თემაზე ყოველთვიურად მართავს. საჯარო დებატები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის მიერ.