სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით
2016 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ნ.გ–მ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ერთ–ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში. ნ.გ–ს განცხადებით, მან წარმატებით გაიარა კონკურსის სამივე ეტაპი, თუმცა, კომისიის მხრიდან სქესის ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით ვერ მიიღო დადებითი შეფასება და იგი არ წარადგინეს ვაკანტურ თანამდებობაზე.
სასამართლო განხილვის ეტაპზე, თავის ჩვენებაში კომისიის ერთ–ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ შესასრულებელი საქმის სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობა უფრო მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნია.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ნ.გ–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
საკითხის მაღალი მგრძნობელობის და მსგავსი შემთხვევების სიმრავლის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში შესაძლოა გამოიკვეთოს დისკრიმინაციული მოპყრობა, სახალხო დამცველმა ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და საქმის განმხილველ სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ სამუშაოს არსის გათვალისწინებით, მოთხოვნა უნდა იყოს ფორმულირებული იმგვარად, რომ ორიენტირებული იყოს სამუშაოს სპეციფიურ ელემენტზე და არ იწვევდეს პირთა ჯგუფის სქესის ან სხვა ნიშნით ავტომატურ გამორიცხვას. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისას, თანასწორუფლებიანობის დარღვევის საპირწონე არგუმენტად ვერ განიხილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება თავის თავში მოიაზრებს დისკრიმინაციული მოტივებისგან სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებას.
სახალხო დამცველს თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ უმსჯელია შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის და დისკრიმინაციის ხელშეწყობის ფაქტის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ ასევე მიმდინარეობს რამდენიმე საქმის შესწავლა.