საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა
სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული გიორგი გელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
2015 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მსჯავრდებულის მიმართ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპის დარღვევის გამო წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. სახალხო დამცველი წინადადებაში მიუთითებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, კანონის უკუძალის პრინციპის აკრძალვის დარღვევით გიორგი გელაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
კერძოდ, ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით 1997 წლის 28–29 იანვარს ჩადენილი ქმედების გამო (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), საქართველოს მოქალაქე გიორგი გელაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ხოლო, 2010 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოყვანის თაობაზე. ამავე განჩინებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაქოს საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებთან შესაბამისობაში მოიყვანა და გიორგი გელაძეს სასჯელის სახით კვლავ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 25 მარტის განაჩენით არ დააკმაყოფილა გიორგი გელაძეს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების საფუძველზე, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით დააკმაყოფილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ ვინაიდან გიორგი გელაძეს მიერ დანაშაულის ჩადენისას მოქმედი კანონმდებლობა სანქციის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა, მას უნდა შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“, რაც სრულ თანხვედრაშია სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან.
შესაბამისად, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.