საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულებით და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვა და მონიტორინგი საქართველოს სახალხო დამცველის უმნიშვნელოვანეს მოვალეობას წარმოადგენს.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად პერმანენტულად ახდენს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობის მონიტორინგს და ამოწმებს მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით, რეაგირებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და სპეციალური და წლიური ანგარიშების მეშვეობით საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების განახლება ხდება წელიწადში ერთხელ. მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა კონკურსი გამოაცხადა შემდეგ პოზიციებზე: დახურული ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გამოცდილების მქონე პირები, მათ შორის, იურისტები, ექიმები, სოციალური მუშაკი, დისკრიმინაციის ფაქტების იდენტიფიცირების გამოცდილების მქონე ექსპერტი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების მქონე პირი, სამხედრო ნაწილებისა და ჰაუპტვახტების მონიტორინგის გამოცდილების მქონე პირი.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ინტერნეტ საიტებზე www.ombudsman.ge და http://jobs.ge/105773/.