საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
2018 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
განმცხადებელი, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) წარმოადგენს, მიუთითებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის გამო, კარაოკე ბარებში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა, თანასწორობის საკითხზე ევროკავშირის დირექტივების მიმოხილვის საფუძველზე, ყურადღება გაამახვილა მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა საქონლისა და მომსახურების მიღებისას დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე განიხილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია, ადამიანის სექსუალურმა ორიენტაციამ არ გამოიწვიოს მიკერძოება, სერვისის მიმწოდებლებს არ ჰქონდეთ წინასწარ შექმნილი ჰომოფობიური განწყობა და სერვისით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილებები არ დააფუძნონ პირის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ლგბტ+ თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლის წევრებიც დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან.