საქართველოს სახალხო დამცველმა სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე ქალბატონ ლეილანი ფაჰრას. მოწვევის მიზანია სათანადო საცხოვრებლის უფლების დარღვევათა ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება.
სახალხო დამცველმა მოწვევის წერილში ისაუბრა იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც უსახლკარო პირების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით დგას სახელმწიფოში. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული უსახლკარობის დასაძლევად საჭირო სამოქმედო გეგმა; არ არსებობს უსახლკარო პირების შესახებ მონაცემთა ბაზები, რის შედეგადაც უცნობია ქვეყანაში უსახლკარობის რეალური მასშტაბები; ეროვნულ დონეზე არსებული უსახლკარო პირის დეფინიცია არ ფარავს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სათანადო საცხოვრებლის უფლების ფარგლებში გათვალისწინებულ სუბიექტებს.
წერილში განხილულია იძულებით გამოსახლების პრობლემური ასპექტები და სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ბლანკეტურად უკრძალავს მათ მინიმალური სოციალური დახმარებით სარგებლობას. წერილში ასევე საუბარია უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისათვის სახელმწიფოთუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში გამოყოფილიფინანსური სახსრების სიმცირეზე.
სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სპეციალურ პროცედურათა ზოგიერთი მანდატის მფლობელი ასევე მართავს პრეს-კონფერენციებს და აქვეყნებს პირველად შეფასებებს ქვეყნებში ვიზიტების დასრულებისას.
სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან წარმატებული თანამშრომლობისა და ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, მთავრობისა და სხვა პასუხისმგებელი მხარეების რეაგირების ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდება, რაც აისახება უსახლკაროთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ქვეყნის მასშტაბით.