საქართველოს სახალხო დამცველმა მოსამართლეებისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მონიკა პინტო მოიწვია
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, 23 აგვისტოს მოწვევის წერილი გაუგზავნა მოსამართლეებისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მონიკა პინტოს. მოწვევის მიზანია სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის კუთხით არსებული სისტემური ხასიათის პრობლემების შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება.
მოწვევის წერილში განხილულია სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტების ხელყოფის ასპექტები. კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების კრიტერიუმებისა და პროცედურების ბუნდოვანება, საქმის საჯაროდ განხილვის კანონსაწინააღმდეგოდ შეზღუდვა, დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მხარისთვის გადაცემის და საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უგულვებელყოფა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები, ასევე, მოწმეთა თანაბარ პირობებში დაკითხვის უფლებით სარგებლობის საკანონმდებლო ბარიერები, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას არსებული პრობლემური საკითხები. წერილში ასევე გაანალიზებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებზე საერთო სასამართლოების მიერ განვითარებული პრაქტიკა.
სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სპეციალურ პროცედურათა ზოგიერთი მანდატის მფლობელი ასევე მართავს პრეს-კონფერენციებს და აქვეყნებს პირველად შეფასებებს ქვეყნებში ვიზიტების დასრულებისას.
სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ მოსამართლეებისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელთან წარმატებული თანამშრომლობისა და ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, პასუხისმგებელი მხარეების რეაგირების ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილ სარგებლობას ქვეყნის მასშტაბით.