საქართველოს სახალხო დამცველმა კვოტირების მექანიზმის შესახებ საქართველოს პარლამენტს მოსაზრება წარუდგინა
2015 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სპეციალური დროებითი ღონისძიების – კვოტირების შესახებ მოსაზრება წარუდგინა. მოსაზრებაში ასახულია შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას უკავშირდება.
სახალხო დამცველი მიესალმა სპეციალური დროებითი ღონისძიებების შესახებ განხილვის წამოწყებას, თუმცა შემოთავაზებული კანონპროეტის მიხედვით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს უთანასწორო მდგომარეობის აღმოფხვრას და მიზნის მისაღწევად არაეფექტური იქნება. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა სიაში, პირველ ხუთ ათეულში კანდიდატებს შორის არანაკლებ ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიაში პირველ ორ ათეულში კანდიდატთა შორის არანაკლებ ყოველი მესამე, არ გამოიწვევს სასურველ ბალანსს, მითუმეტეს, რომ ინიციატივა მხოლოდ პროპორციული წესით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე იქონიებს გავლენას.
საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს სამუშაო ჯგუფის „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“ ინიციატივას და მიაჩნია, რომ კანდიდატთა შორის 50/50 ბალანსის დაცვა, სადაც კანდიდატთა სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იქნება, რეალურ შედეგს მოიტანს.
ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამჟამად არსებულ წახალისების წესს დადებითი ეფექტი არ აქვს, რასაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული სტატისტიკაც ადასტურებს. სახალხო დამცველი ამ ნაწილშიც იზიარებს სამუშაო ჯგუფის „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“ წინადადებას და მიაჩნია, რომ წახალისების სისტემა უნდა გაუქმდეს და 50/50 ბალანსის დაუცველობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს კანდიდატთა სიაზე ხარვეზის დადგენა, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში რეგისტრაციაზე უარის თქმა.
სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მოსაზრების თანახმად, 50%-იანი კვოტირების სისტემა არის არსებული უთანასწორო მდგომარეობიდან თავის დაღწევის რეალური გამოსავალი და შანსი, ორივე სქესს თანაბრად მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არაერთი განვითარებული, მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნის წარსული გამოცდილებაც სწორედ კვოტირების სისტემის მეშვეობით გენდერული ბალანსის მიღწევა იყო. სამაგალითოა სკანდინავიური ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება, რომლებიც დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ კვოტირების სისტემა აღარ მოქმედებს, მოწინავე არიან ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლით.