საქართველოს სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა ეროვნული უმცირესობების შესახებ სპეციალურ მომხსენებელს ქალბატონ რიტა იზაკს. მოწვევის მიზანია მოხდეს ხსენებული მიმართულებით უფლებადარღვევათა ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება.
მოწვევის წერილში საუბარია ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და იმ ფაქტორებზე, რომელთა არსებობაც ზღუდავს კონსოლიდირებული და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, შემწყნარებლობას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას, უმცირესობათა იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობებს.
პრობლემებს შორის ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ეთნიკურ/ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათი წარმომადგენლობა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებში, ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, განათლების შესაძლებლობებზე, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და სხვა. ცალკეა განხილული ბოშათა თემის წინაშე არსებული მწვავე პრობლემები.
სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან წარმატებული თანამშრომლობისა და ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, მთავრობისა და სხვა პასუხისმგებელი მხარეების რეაგირების ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდება, რაც აისახება ქვეყანაში ეროვნულ/ეთნიკურ უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.