ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

2018 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებათა თავის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ ახსენებს სახელმწიფოს და საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და საჭიროებას და რომ სახალხო დამცველის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. „ვხედავთ პოზიტიურ ცვლილებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით მიღწეულ შედეგებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სისტემური ხასიათის პრობლემები კვლავ გადაუჭრელია და უარყოფითად აისახება ბავშვთა კეთილდღეობაზე საქართველოში“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გარდიმ ისაუბრა სახალხო დამცველის როლზე ბავშვის უფლებების დაცვის და მონიტორინგის სფეროში. აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს აპარატის მხარდაჭერას და იმ გამოწვევების საპასუხო ნაბიჯების განხორციელებას, რაც სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია ასახული.

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვთა უფლებების ნაწილი სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს. თუმცა, ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიღმა რჩება, როგორიცაა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ასევე ბავშვები, რომლების სიღარიბის მიუხედავად ვერ ხვდებიან სახელმწიფო შემწეობის პროგრამაში. საგანგაშოა ისიც, რომ 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო იქნა გამოყვანილი.

პრობლემად რჩება ბავშვის დაცვა ძალადობისგან და პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი ეროვნული სისტემა. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2017 წელს 20%-ით გაიზარდა ბავშვთა სუიციდის და სუიციდის მცდელობის რიცხვი.

გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების, მათ შორის შშმ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა. სისტემური ხასიათის ცვლილებები არ გატარებულა სოციალური მუშაკების და სახელმწიფო ფსიქოლოგების რაოდენობის და შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის, რაც უარყოფითად აისახება ბავშვთა დაცვის მდგომარეობაზე.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ბულინგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ურთიერთობის ფართოდ გავრცელებული ფორმაა და მისი პრევენციისთვის ეფექტიანი ღონისძიებები კვლავ არ ტარდება. 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, სარეაბილიტაციო ავარიულ მდგომარეობაში 211 სკოლა ფუნქციონირებდა, 94 საჯარო სკოლას კი წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელზეც მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

1.06.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)