საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა
2016 წლის 6 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიში განიხილეს.
საქართველოს სახალხო დამცველმა თავის მოკლე მიმოხილვაში ისაუბრა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ეკომიგრანტების, რეპატრიანტების, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესახებ; მიმოიხილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები, ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი საკითხები, დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარვეზები; შშმ პირთა და ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ღონისძიებები.
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველი შეეხო საკუთრების უფლების, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის საკითხებს, ჯანმრთელობისა და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებას, ჰიდრო–ელექტრო სადგურების და სხვა დიდი ობიექტების მშენებლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას. ისაუბრა შრომის უფლების დაცვის, შრომის ინსპექციის შექმნის, საარჩევნო სისტემის დახვეწის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და სათანადო საცხოვრებლის უფლების აუცილებლობაზე.
კომიტეტის სხდომაზე მოხსენებებით გამოვდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა.