საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბრალდებული სულხან წულაძე მოინახულეს
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სულხან წულაძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნულმა პირმა „თბილისის ფორუმზე“ გახსნა ერთ–ერთი თემა, რომლის მიხედვითაც ის თითქოსდა ამზადებდა თავდასხმას საქართველოში აშშ–ს ელჩზე. მიმდინარე წლის 15 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სულხან წულაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით სწავლობს ზემოთ აღნიშნულ საკითხს. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები 19 აპრილს იმყოფებოდნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში და შეხვდნენ ბრალდებულს, რომელმაც ომბუდსმენის რწმუნებულებებს საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბრალდებული არ აღიარებს მისთვის წაყენებულ ბრალს. ამასთან, სულხან წულაძეს არ გამოუხატავს რაიმე პრეტენზია დაწესებულების ადმინისტრაციის მისამართით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მოცემული საქმის შესწავლას, მათ შორის მონიტორინგს გაუწევს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს.