საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი სტრასბურგში
2017 წლის 26-28 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გიდო რაიმონდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტთან, კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან ჯანლუკა ესპოზიტოსთან, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელ ალექსანდერ გესელთან, ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელ ხრისტოს ჯაკომოპულოსთან, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საქართველოს საკითხზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ, გააცნო სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო პროექტში უნდა აისახოს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან სახალხო დამცველმა საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, ისაუბრა პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებზე და გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის და ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე.
სახალხო დამცველმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის შესახებ, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მედია გარემოსა და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.