ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი სომხეთში

2018 წლის 15–17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანს ეწვია, სადაც სომხეთის ომბუდსმენთან არმენ ტატოიანთან, სომხეთის იუსტიციის მინისტრთან არტაკ ზეინიანთან და საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის მხარის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.

მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს საქართველოში სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა, სომხეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ციხეებში.

საქართველოს სახალხო დამცველმა მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა სომხეთის ომბუდსმენს მოწვევისთვის, ხაზი გაუსვა საქართველო–სომხეთის ისტორიულ კავშირებს და უფლებადაცვით ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ნინო ლომჯარიამ ასევე მიმოიხილა საერთაშორისო მანდატები, რომელზეც საქართველოს ოფისი ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.

„მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე გამოცდილების გაზიარება, უკვე არაერთი წელია სომხეთსაც და საქართველოსაც აქვს პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში. 2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა მანდატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის, რომელსაც ახლახანს სომხეთიც შემოუერთდა. ახალი მანდატის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სომხეთთან ერთად უკვე მიმართა ევროკომისიას მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ კონფერენციაზე.

ერევანში ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი მოადგილეებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად პენიტენციურ დაწესებულებებს მოინახულებს, ასევე შეხვდება სომხეთში ქართულ დიასპორას.

19.07.18
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)