საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი ევროპის საბჭოში
2018 წლის 22-26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია სახალხო დამცველის პრეზენტაცია თემაზე „ადამიანის უფლებები საქართველოში“.სახალხო დამცველი 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს. პრეზენტაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნული დელეგაციების წევრები, ევროპის საბჭოში აკრედიტებული ელჩები და ევროპის საბჭოს სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, გათვალისწინებულია შეხვედრები ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან. კერძოდ, სახალხო დამცველი შეხვდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს გუიდო რაიმონდს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუჟნიეკსის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალურ დირექტორს კრისტოს ჯაკომოპულოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დირექტორს კლაუდია ლუჩიანის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ფრედერიკ სუნდბერგს.
შეხვედრებზე სახალხო დამცველი განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, მართლმსაჯულების, არასათანადო მოპყრობის, თანასწორობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ასევე ისაუბრებს პენიტენციური სისტემის მიმდინარე რეფორმასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე.