ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ქალთა და ბავშვთა უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა მედიის წარმომადგენლებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2014-2016 წლებში ქალთა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

კონფლიქტები განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს ქალთა და ბავშვთა მდგომარეობაზე. კონფლიქტის ტრავმა და მძიმე სოციალური პირობები პირდაპირ აისახება ოჯახში ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც ყველაზე ხშირად ქალები და ბავშვები არიან. თუმცა, მცირეა იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ. არ ხდება მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი და კვლევა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებში ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ რთულ და ამასთან, დაფარულ პრობლემას წარმოადგენს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მილიციაში სერიოზულად არ აღიქვამენ და თავს არიდებენ ასეთ შემთხვევებში ჩარევას. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლ ქალთა მცირე ნაწილი ახერხებს აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და აქ არსებული სერვისებით სარგებლობას. სიტუაციას გააუმჯობესებდა ზუგდიდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის არსებობა, რომელიც გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა აფხაზეთიდან გადმოსული ძალადობის მსხვერპლთათვის.

პრობლემურია აფხაზეთში 2016 წლის დასაწყისში აბორტის აკრძალვა, რაც როგორც აფხაზურმა სამოქალაქო საზოგადოებამ, ისე დე ფაქტო სამთავრობო უწყებებმა უარყოფითად შეაფასეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არის ფართოდ გავრცელებული, აბორტის აკრძალვა სავარაუდოდ გამოიწვევს თვითნებური აბორტების რიცხვის ზრდას, რაც სახიფათოა ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

კონფლიქტურ რეგიონებში ბავშვთა უფლებების დაცვა ძირითადად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედადაა დარჩენილი, ისიც მცირე მოცულობის ინიციატივების დონეზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერიოზული პრობლემებია საავადმყოფოების აღჭურვის და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის კუთხით, რაც აუარესებს ბავშვთა ჯანმრთელობის უფლება. მაგალითად, გალის რაიონის საავადმყოფოებში საერთოდ არ ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება. ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება არათუ გალში, ზუგდიდშიც არ არის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ასევე არ არის მცირეწლოვანი ბავშვებისათვის შესაბამისი აღჭურვის მქონე სასწრაფო დახმარების მანქანა და საჭირო ხდება ბავშვების გადაყვანა ქუთაისში ან თბილისში.

არასრულწლოვნებისათვის პრობლემას ასევე ქმნის გადაადგილებისათვის საჭირო დოკუმენტების არ ქონა. ბავშვზე, რომლის თუნდაც ერთ მშობელს არ აქვს აფხაზური პასპორტი, არ გაიცემა დაბადების მოწმობა და შესაბამისად, არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. დოკუმენტების არქონის გამო კი ბავშვები ვერ ახერხებენ გამყოფ ხაზზე გადმოსვლას და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებას. ამ მიზეზით, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში ცხოვრობენ არასრულწლოვანები, რომელთაც არც აფხაზურ და არც ქართული საბუთები არ აქვთ.

სახალხო დამცველისათვის საგანგაშოა, რომ დოკუმენტების არქონის გამო, ხშირია არასრულწლოვანთა დაკავებები, რომლებიც შემოვლითი გზებით ცდილობენ გამყოფ ხაზზე გადაადგილებას. სახალხო დამცველისთვის არაერთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, როდესაც რუსულ სამხედრო ბაზებზე ბავშვების, მათ შორის ჩვილი ბავშვების და მისი მშობლების დაკავების დროს ადგილი აქვს არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის, როგორიცაა სიტყვიერი შეურაცხყოფა, საკვებისა და სასმელი წყლის შეზღუდვა.

ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი პაციენტები შემოვლითი გზებით კვეთენ გამყოფ ხაზს და ამისთვის 2-3 დღეს გამყოფი ხაზის სოფლებში ყოვნდებიან, რომ შესაფერისი დრო მოძებნონ გადასასვლელად. ამას, არც თუ იშვიათად ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება მოჰყვება, და ეს ასეთი ფაქტები ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელყოფად უნდა შეფასდეს.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები ზემოთ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

იხილეთ სპეციალური ანგარიშის ელექტრონული ვერსია

См. электронную версию специального отчета

10.02.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)