საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრები ევროპის საბჭოში
2015 წლის 23 და 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანთან, ადამიანის უფლებათა კომისართან ნილს მუჟნიეკსისთან, ადამიანის უფლებათა დირექტორატის დირექტორს ქრისტოს ჯაკომპულოს, წამების პრევენციის კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს იერუნ შოკენბროკთან, პოლიტიკური საკითხების დირექტორატის დირექტორ ალექსანდერ გესელთან და ევროსაბჭოს სხვა წარმომადგენლებთან.
სახალხო დამცველმა დამსწრეებს მიმდინარე წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული აქტივობები და სპეციალური ანგარიშები გააცნო; მიმოიხილა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა; პროკურატურის რეფორმა, ასევე, სასამართლო რეფორმა და კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. ისაუბრა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მნიშვნელობაზე; დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე. დასაქმების სფეროს პრობლემების განხილვისას ხაზი გაუსვა შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას.
სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და გალის რაიონში განათლების უფლების შეზღუდვაზე.
შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების ეფექტურობით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმით, ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით.