ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში

2017 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ეროვნულ დემოკრატიული (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების (IRI), კარნეგის ცენტრის, ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED) და სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, განიხილა მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები, სამართალდამცველთა საქმიანობა, შრომის უსაფრთხოების საკითხები, საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, მედიაგარემო, ციხეებში პატიმართა უფლებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სახალხო დამცველის საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საკითხმა. თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი მიმოიხილა და ის ხარვეზები და რეკომენდაციები გააცნო, რომლის აღმოფხვრის მიზნითაც სახალხო დამცველმა სპეციალურ კვლევა მოამზადა.

ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ფარგლებში სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა უმცირესობების უფლებებზე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციასა და კანონში არსებულ ხარვეზებზე.



საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში 12.06.17 Public Defender's Meetings in U.S.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)