საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან
2016 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკატერინე ფოფხაძე.
შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მიმდინარე და აქტუალური საკითხები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე მომზადებულ ცვლილებებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს, როლის გაძლიერებას ითვალისწინებს.
ასევე განიხილეს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საკომიტეტო მოსმენების ჩატარების სამომავლო პერსპექტივები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მზად არის ინტენსიურად ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან.