საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა რექტორის არჩევის წესი დაარღვია
2016 წლის 14 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას. რეკომენდაციის მიხედვით, სამინისტრომ კანონდარღვევით ჩატარებული არჩევნების შედეგების აღმოსაფხვრელად და ახალი არჩევნების კანონიერად ჩატარების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, ხოლო კომისიამ – ბათილად ცნოს რექტორობის კანდიდატად არჩილ ფრანგიშვილის რეგისტრაცია და მისი თანმდევი არჩევნების შედეგები.
2016 წლის 18 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების შედეგად, უნივერსიტეტის რექტორად ზედიზედ მესამედ აირჩა არჩილ ფრანგიშვილი. მანამდე ის 2009 და 2012 წლებში იყო არჩეული, ხოლო 2008–2009 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა. არჩილ ფრანგიშვილის მესამე ვადით არჩევით დაირღვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავს რექტორის ზედიზედ ორზე მეტი ვადით არჩევას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების კანონიერება, თუმცა დარღვევა არ დაადგინა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კანონის საწინააღმდეგოდ, უნივერსიტეტის წესდებით კანონით დადგენილი შეზღუდვების ამოქმედება დროში გადავადდა და 2012 წლის რექტორის არჩევნებიდან დაიწყო მისი უფლებამოსილების ვადის ათვლა. ამგვარად, უგულებელყოფილ იქნა არჩილ ფრანგიშვილის 2008 წელს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისა და 2009 წელს მისი რექტორად არჩევის ფაქტები.
ამასთან, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, ა.ფრანგიშვილი აკმაყოფილებდა კანონით რექტორობის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნას, რაც ახსნილია უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებით. კერძოდ, საუბარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებებზე 2011 და 2013 წლებში. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვა რექტორის ორ უფლებამოსილებაზე მეტი ვადით არჩევის შესახებ მოქმედებდა უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ყველა ცვლილების დროს. შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს კანონის მიერ რექტორის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვის მიზანი, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან და ემსახურებოდეს ერთი პირის მიერ უნივერსიტეტის განუსაზღვრელი ვადით მართვისაგან თავის არიდებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ არჩილ ფრანგიშვილის რექტორობის კანდიდატად რეგისტრაციით, ასევე დაარღვია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმები, რამაც შემდეგში გავლენა იქონია ზოგადად არჩევნების შედეგებზე.