საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“. წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს წარმოადგენს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით.
დღევანდელი მდგომარეობითაც საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი უწყების (საგამოძიებო და საბრალდებო ფუნქციებით) შექმნა არსებული პრობლემის მოგვარების ყველაზე სრულყოფილი გზა იქნება. არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიება და დამნაშავე პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა თანაბრად პრობლემურია.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი მოდელი შესაძლოა ეფექტური იყოს გამოძიების ეტაპზე არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით, თუკი მოხდება კანონპროექტში არსებული რიგი პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების კორექტირება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ინსპექტორი უნდა სარგებლობდეს ნდობისა და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით, რისთვისაც აუცილებელია ამ თანამდებობაზე პირის არჩევის ნებისმერ ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა აქტორების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, კანონპროექტის ავტორს სთავაზობს კომისიის დაკომპლექტების უფრო პლურალისტურ წესს და ინსპექტორის არჩევისთვის უფრო მაღალი კვორუმის დადგენას. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია შეიზღუდოს ინსპექტორად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის შესაძლებლობა, ხოლო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდოს.
იმისათვის, რომ ინსპექტორს ხელთ ჰქონდეს ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ბერკეტი, აუცილებელია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდეს ცვლილება, რომელიც მთავარ პროკურორს ცალმხრივად შეუზღუდავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის უგულებელყოფის შესაძლებლობას. ამასთან, კანონით უნდა განისაზღვროს ერთი მხრივ სახელმწიფო ინსპექტორის ვალდებულება – მოითხოვოს სხვა საგამოძიებო დანაყოფიდან მის ქვემდებარე დანაშაულზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემა, ხოლო მეორე მხრივ პროკურორის ვალდებულება მოთხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცეს ინსპექტორს საქმე.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპროცესო ხელმძღვანელობის უფლების პროკურატურისთვის დატოვება ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას განსაკუთრებულად შეასუსტებს. თუ კანონპროექტის მიზანს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, აუცილებელია, ინსპექტორის სამსახურს მიეცეს გამოძიების დამოუკიდებლად, პროკურატურის სავალდებულო მითითების გარეშე, ჩატარების შესაძლებლობა. გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვაში იგულისხმებარიგი საგამოძიებომოქმედებებისჩატარების შესაძლებლობა პროკურატურისგან ნებართვის მოპოვების გარეშე.
და ბოლოს, კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსია ქმნის ინტერესთა კონფლიქტის ცალსახა შემთხვევებს, რომლის გასანეიტრალებლადაც კანონპროექტი არ გვთავაზობს არანაირ მექანიზმს. კერძოდ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღჭურვილია საგამოძიებო უფლებამოსილებით, მეორე მხრივ, კი ის პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლზე. აუცილებელია კანონპროექტმა შემოგვთავაზოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები.
საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის პროცესში და იმედოვნებს, რომ მისი მოსაზრებები და შეთავაზებები აისახება კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში.