საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრება რუსთავის საქალაქო სასამართლოს
2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) სარჩელზე, რომელიც შეეხება რელიგიის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს.
მომჩივანი სარჩელში მიუთითებდა, რომ რუსთავის მერიის მიერ რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის მოწმობის გაცემაზე უარი განპირობებული იყო რელიგიური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომით.
სასამართლო მეგობრის მოსაზრებით სახალხო დამცველმა მიმოიხილა რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის გამოვლენის ტესტი, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, ასევე რელიგიური ნიშნით განსხვავებული მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად არ ისახავს რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერას და მხოლოდ და მხოლოდ ახდენს იმ სტანდარტის იდენტიფიცირებას, რომელიც დადგენილია მსგავს საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით.