საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ვიზიტი
2017 წლის 18 და 19 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს ეწვივნენ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები: გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების საკითხებში მაინა კიაი, ევროპის საბჭოს პროგრამის „HELP in 28–ის“ კოორდინატორი ევა პასტრანა, ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ოგე ბორჩგრევინკი და კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი იორგენ იოჰანსენი.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებმა გასული წლის საქმიანობის შესახებ მოკლე მიმოხილვა წარმოადგინეს, მიმოიხილეს 2016 წელს მრჩეველთა საბჭოს მიერ ომბუდსმენისთვის შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, მიაწოდეს ინფორმაცია 2016 წელს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კუთხით გამოვლენილი ტენდენციების შესახებ, ისაუბრეს სახალხო დამცველის მანდატის გაფართოვების შედეგად აპარატში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე.
შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდგომ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა 19 აპრილს პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელობას, ისაუბრა მის საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ სწორედ ზოგიერთი თანამდებობის პირისა თუ უწყების მხრიდან სახალხო დამცველის კრიტიკა არის ამ აპარატის კარგი მუშაობის პირდაპირი მაჩვენებელი. მაინა კიაიმ კიდევ ერთხელ მიმართა მთავრობას, შეუქმნას სახალხო დამცველს შესაბამისი სამუშაო გარემო და აპარატისთვის ახალი შენობის გამოყოფა მოითხოვა.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრმა ევა პასტრანამ სახალხო დამცველის როლსა და მისი გაზრდილ მანდატის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის საგანმანათლებლო საქმიანობაზე.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
მრჩეველთა საბჭოს შექმნა სახალხო დამცველის 2013 წლის სამოქმედო სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო. საბჭოს მიზანია დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრიორიტეტებისა და პერსპექტივების განსაზღვრა-განხორციელებაში.