ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოებისადმი

2015 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოებისადმი 2014 წელს გაცემული რეკომენდაციები წარმოადგინა. გამოსვლაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ წლიურ ანგარიშში კვლავ გაიმეორა ის რეკომენდაციები, რომლებიც მისი აზრით, ადრესატების მხრიდან სასწრაფო და აუცილებელ გათვალისწინებას საჭიროებს.

სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის არსებული ფორმატის შენარჩუნებაზე ისაუბრა. დადებითად შეაფასა, რომ ცალკეულმა უწყებებმა უკვე დაიწყეს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა, თუმცა არსებული პრობლემების საბოლოო აღმოფხვრამდე, საქმე დასრულებულად არ ჩაითვლება.

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვისას სახალხო დამცველმა ის კანონები მიმოიხილა, რომელთა სრულყოფილად ამოქმედებისთვის დამატებითი რეგულაციების შემუშავებაა საჭირო.

სხდომაზე დამსწრე კომიტეტის აპარატის წევრებმა სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისგან თავიანთ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველის მიერ 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს უახლოეს მომავალში შეიმუშავებს.


25.05.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)