ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ბუნდესტაგის პეტიციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

2018 წლის 6 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) პეტიციის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიან ვენდთს შეხვდნენ.

შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის, პრიორიტეტებისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

„ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოში კვლავ უმცირესობების უფლებების დაცვა წარმოადგენს, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და მათი გამოძიება. აქტიურად ვმუშაობთ ბავშვთა, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ საკითხებზე, ლგბტ თემის პრობლემებზე. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სისტემატიურად ვახდენთციხეებისა და სხვა დახურული დაწესებულებების მონიტორინგს, აქტიურად ვაკვირდებით გამოძიების პროცესს. დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურად დაუცველთა, უსახლკაროთა, დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას“, - განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ.

გერმანიის მხარემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოსთვის მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა, რაც არსებული პრაქტიკის გაზიარებასა და მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

შეხვედრა ბუნდესტაგის პეტიციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიან ვენდთთან


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)