საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ნოემბრის თვეში ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სასმელ წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების მონიტორინგს და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასმელი წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის მდგომარეობას რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტს საფუძვლად დაედო 2016-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის კვლევის შედეგები არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ.
პროექტის განხორციელების პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაცია „Waterlex-თან“, ასევე სომხეთის სახალხო დამცველის ოფისთან, რომელიც სასმელ წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების მონიტორინგზე თავის გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებს.